ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციას იწყებს
24 სექტემბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თელავის ისტორიული, მეფე ერეკლე მეორის სახელობის #1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, რაც მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის შექმნას გულისხმობს.
რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული ფასადის მაქსიმალურ დაცვას და განახლებას.
შენობის აღდგენითი სამუშაოს დაწყებამდე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა გამოავლინა 9 სხვადასხვა სამშენებლო ფენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თელავის სკოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა განახორციელეს შენობის 3D სკანირება, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული ექსპერტიზა, ფასადების ფერთა და მასალათა გამოკვლევა, ასევე, მოამზადდა აზომვითი ნახაზები.
თელავის №1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: ფასადების გაწმენდა-რესტავრაციას და დეკორატიული ელემენტების აღდგენას, საბჭოთა პერიოდში შეცვლილი კარ-ფანჯრების დემონტაჟს და ისტორიულ არქიტექტურაზე მორგებული ახალი კარ-ფანჯრების დამზადებას, ინტერიერის იატაკების, კიბეებისა და კარების რეაბილიტაციას, სახურავის კონსტრუქციის გაძლიერებას, ახალი სასკოლო მოცულობებისა და სასწავლო სივრცეების დამატებას, სკოლის ეზოს კეთილმოწყობას, გამწვანებას და სპორტული მოედნების მოწყობას. რებილიტაციის შემდეგ საერთო სივრცეში განთავსდება სკოლის ფასადზე არსებული მემორიალური დაფები.
თელავის პირველი გიმნაზია 1758 წელს მეფე ერეკლე II -მ დააარსა, როგორც ფილოსოფიური სკოლა. 1782-დან 1801 წლამდე კი შენობაში სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა. 1808 წელს გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც 1917 წელს გადაკეთდა ვაჟთა გიმნაზიად. აქ სწავლობდა არაერთი გამოჩენილი ადამიანი, მათ შორის ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, ნიკო შიუკაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ლადო მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ივანე ბერიტაშვილი.
1921 წლიდან დღემდე, შენობა ფუნქციონირებს როგორც თელავის №1 საჯარო სკოლა.